შეცდომა 1: პრეპარატის მიღება არ არის საჭირო ყოველთვის, მხოლოს მაშინ, როდესაც იმატებს წნევა
ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ბევრი იღებს ექიმის მიერ დანიშნულ პრეპარატს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმატებს არტერიული წნევა, სტკივა თავი და აწუხებს თავბრუსხვევა. ეს არასწორია. ასევე არასწორია პრეპარატების მიღების სქემის იგნორირებაც, თუ თერაპევტმა ან კარდიოლოგმა ეს სქემა საათების მიხედვით შეადგინა. როგორც წესი, სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ ეპიკრიზში დეტალურად არის რეკომენდებული სქემები, რჩევები ცხოვრების წესის შესახებ. პაციენტი იღებს მედიკამენტებს, მდგომარეობა უმჯობესდება და შემდეგ კი წყვეტს მიღებას. ბევრი ასე ფიქრობს – რატომ მივიღო ამდენი პრეპარატი, ეს ძვირიცაა და შეიძლება ღვიძლიც დავაზიანო. გარკვეული დროის შემდეგ წამლების მოქმედების დრო იწურება და შედეგად მიიღება ჰიპერტონული კრიზები მთელი რიგი თანმდევი გართულებებით – ინფარქტები, ინსულტები, ენცეფალოპათია, თირკმლების ფუნქციის დარღვევები, დიაბეტი.
ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დანიშნული მკურნალობის სქემის იგნორირება! უნდა მიიღოთ წამლები სქემის მიხედვით და თუ რაიმე პრობლემა იჩენს თავს – უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს და ერთად გადაწყვიტოთ სქემის ცვლილებები.
შეცდომა 2: წამლების მიღება სხვადასხვა დროს
ზოგჯერ გვავიწყდება წამლის მიღება – ან გვძინავს ან არ ვთვლით საჭიროდ ამას. ხშირად გვაბნევს კარგი თვითშეგრძნება. ეს არასწორია და არის დროისა და საშუალების ფუჭად დაკარგვა. როდესაც სამკურნალო პრეპარატი მოხვდება ორგანიზმში, აქტივირდება ფერმენტული სისტემებით. ბევრი წამალი მოქმედებს დაგროვებითი პრინციპით (მაგ: ლოზარტანი, პერინდოპრილი, ენალაპრილი). ისინი გროვდებიან ორგანიზმში და იწყებენ ეფექტურად მუშაობას – ბლოკავენ მავნე ალდოსტერონს, რომელიც იწვევს კრიზებს. თუ წამალს დღეს მივიღებთ, ხვალ კი დაგვავიწყდება, მისი კონცენტრაცია სისხლში არათანაბარია, წნევა შეიძლება დაეცეს ან მოიმატოს.
წნევის დამწევი წამლები უნდა მიიღოთ საათობრივად. მაგ: დილის 9სთ-ზე და საღამოს 7სთ-ზე, ჭამამდე 20წთ-ით ადრე, თუ კარდიოლოგმა სხვა სქემით არ დაგინიშნათ. პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ გულისცემას – მეტოპროლოლი, ბისოპროლოლი, მიიღება 12სთ-ზე. შარდმდენები რა თქმა უნდა დილით. არ მიიღოთ შარდმდენები ან შარდმდენებთან კომბინირებული პრეპარატები საღამოს.
შეცდომა 3: ერთმანეთთან შეუთავსებელი წამლების ერთად მიღება
ეს ძალიან ხშირია. ჰიპერტონიის სამკურნალო ძირითადი ჯგუფია – აგფ-ინჰიბიტორები (დასახელება მთავრდება „პრილ“-ით – ენალაპრილი, კაპტოპრილი, რამიპრილი, ლიზინოპრილი) და სარტანები (ლოზარტანი, ვალზარტანი, კანდეზარტანი და სხვა). ეს ორი ჯგუფი ერთმანეთთან შეუთავსებელია.
კაპტოპრილი ინიშნება კრიზების დროს წნევის დასაქვეითებლად, თუმცა ავიწყდებათ, რომ არ შეიძლება მისი მიღება, თუ ძირითადი პრეპარატი სარტანების ჯგუფიდანაა. ზოგიერთი მიმართავს რამოდენიმე ექიმს და თავისით დაინიშნავს შერეულ სქემას, მაგ: დილით იღებს ლოზარტანს, საღამოს კი ენალაპრილს. ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია. თუ ერთი ტაბლეტი კაპტოპრილი ზიანს არ მოგაყენებთ, სისტემატური ან ერთდროულად რამოდენიმე აბის მიღება კრიზის კუპირებისთვის გამოიწვევს წნევის მკვეთრ მომატებას, რისი დარეგულირებაც ძალიან რთული იქნება.
შეცდომა 4: უარი სტატინების მიღებასა და ქოლესტერინის კონტროლზე
ყველა უცხოური რეკომენდაციის მიხედვით აუცილებელია ქოლესტერინის კონტროლი. ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ან ვინც უკვე გადაიტანა ინფარქტი და ინსულტი, საერთო ქოლესტერინის დონე არ უნდა აჭარბებდეს 3.8მმოლი/ლ-ს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების („ცუდი“ ქოლესტერინი) დონე კი 1.8მმოლი/ლ-ს; ეს განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანისთვის განსაზღვრული ნორმისგან. სტაციონარში ნიშნავენ სტატინებს, მაგრამ ბევრი უარს ამბობს მიღებაზე, რადგან ფიქრობენ რომ აზრი არ აქვს.
სტატინები უზრუნველყოფენ სისხლძარღვების სისუფთავეს, არეგულირებენ ქოლესტერინის ცვლას. არსებობს მოსაზრება,რომ ისინი მოქმედებენ ღვიძლზე, მაგ: ატორვასტატინი. მან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატება. არაფერია საშიში, თუ მოიმატებს უმნიშვნელოდ, რაც ჩვეულებრივ ხდება 3 თვის განმავლობაში. ატორვასტატინის დადებითი მოქმედება ასევე არის ის, რომ წმენდს ნაღვლის გამომტან გზებს ქოლესტერინული ნადებისგან, ისევე როგორც სისხლძარღვებს. მიმდინარეობს კვლევა ქოლესტერინული კენჭების დაშლის შესახებ. მიუხედავად ყველაფრის, თუ მაინც არ გინდათ სტატინების მიღება, სცადეთ ქოლესტერინის დონის დასაქვეითებელი მცენარეული საშუალებები, როგორიცაა – ათეროკლეფიტი. რა თქმა უნდა საჭიროა დიეტის დაცვა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების მკურნალობა.
შეცდომა 5: უარი კარდიოლოგის მეთვალყურეობაზე
ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს გულ-სისხლძარღვთა მოვლენები (ინფარქტი, ინსულტი) ან აწუხებთ მაღალი წნევა, წელიწადში 1-2-ჯერ უნდა გაიარონ კონსულტაცია კარდიოლოგთან. განსაზღვრული ცხრილების მიხედვით, ექიმი შეაფასებს განმეორებითი საშიშროების რისკებს, შეამოწმებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, გადაგიღებთ ექოკარდიოგრამას და საჭიროების შემთხვევაში ექოკარდიოსკოპიას, მოგცემთ რჩევებს ცხოვრების წესის შესახებ. აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სისტემის მიხედვით ჯერ უნდა მიმართოთ თერაპევტს, ჩაიტაროთ გამოკვლევა და შემდეგ პასუხებით მიმართოთ კარდიოლოგს. კერძო, ფასიან ცენტრებში ყველაფრის გაკეთება ერთ დღეშია შესაძლებელი.
შეცდომა 6: დიეტის არდაცვა
ჩვენს ცხოვრებაში ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რას ვჭამთ. გამოცდილება და თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ დღეისათვის არ არსებობს ხმელთაშუაზღვის დიეტაზე უფრო დაბალანსებული დიეტა. ამ დიეტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შევისწავლოთ რას მიირთმევენ საბერძნეთის, კიპრის, საფრანგეთის ხანგრძლივად მცხოვრებნი. დიეტის საფუძველს შეადგენს ახალი ბოსტნეული და ხილი (ხილი ყოველდღიური დესერტის სახით), ზეითუნის ზეთი, მარცვლეული, ბურღულეული, კარტოფილი, ხარისხიანი რძის პროდუქტი (ხშირად იოგურტების და უცხიმო ყველის სახით), თევზი ომეგა 3-სა და 6-ის მაღალი შემცველობით, ხორცი კვირაში 1-2-ჯერ. რა თქმა უნდა ამ დიეტას ზუსტად ვერ დავიცავთ, ზოგიერთი პროდუქტი ჩვენთან არ არის ან ძალიან ძვირია, იქ კი ეს ჩვეულებრივი საკვებია. თუმცა, კვების ძირითადი პრინციპები შეგვიძლია გავითვალისწინოთ.
შეცდომა 7: ცხოვრების წესს არ ვცვლით, ვცხოვრობთ ინერციით
ექიმები აკვირდებიან როგორ ცხოვრობენ ადამინები მას შემდეგ რაც დაავადება აღმოუჩნდებათ. ისინი, ვისთვისაც ეს იყო ახალი ცხოვრების დაწყების სტიმული, ჩვეულებრივ მომავალში თავს არიდებენ გულ-სისხლძარღვთა გართულებებს. მათ, ვინც არაფერს ცვლის უჭრის დაავადებასთან გამკლავება. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ადამიანის სწრაფვას ცხოვრებისკენ, სიცოცხლის სურვილს შეუძლია გადალახოს ყველაზე საშიში დაავადებებიც კი და არა მხოლოდ გაუმკლავდეს მაღალ არტერიულ წნევას.
შეცდომა 8: არ ვიცით როგორ მოვიქცეთ ჰიპერტონული კრიზის დროს
სამწუხაროდ, წნევის მომატების დროს ბევრი პანიკაში ვარდება, იწყებენ დიდი რაოდენობით სხვადასხვა წამლის მიღებას. კრიზი ხშირად ვითარდება ემოციური დაძაბულობის ფონზე, უსიამოვნებებისას, დიეტის დარღვევის დროს (მარილის ჭარბი გამოყენება). უპირველეს ყოვლისა უნდა დამშვიდდეთ, მიიღოთ წამალი. კრიზების დროს არჩევანი დიდი არ არის. ჩვეულებრივ გამოიყენება კაპტოპრილი (უნდა გახსოვდეთ, რომ არ არის მისი მიღება სარტანებთან ერთად).
ყველაზე ხშირად იყენებენ 25 მგ კაპტოპრილს. უნდა გაწუწნოთ ექიმის მიერ შერჩეული დოზა (დამოკიდებულია წონაზე, არტერიული წნევის მაჩვენებელზე, ჰიპერტონული დაავადების სტადიაზე), მიიღოთ ჰორიზონტალური მდებარეობა და 20-30წთ-ის შემდეგ გაიზომოთ წნევა. თუ წნევამ უფრო მოიმატა, თვითშეგრძნება კი გაუარესდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. შემოთავაზებულ ჰოსპიტალიზაციზე უარი არ თქვათ. თუ არ გექნებათ შესაბამისი ჩვენება, საავადმყოფოში არ გადაგიყვანენ, მიმღებ განყოფილებაში გამოკვლევის შედეგები მკურნალ ექიმს მიცემს აუცილებელ ინფორმაციას თქვენი მდგომარეობის შესაფასებლად.
ხშირად სარტანების მიღების დროს, კაპტოპრილის გარდა იყენებენ ნიფედიპინს ან ფიზიოტენზს. უნდა გახსოვდეთ, რომელი წამალი გეხმარებათ კარგად და თავად შეამციროთ არტერიული წნევა. კრიზის შემდეგ უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი პრეპარატების მიღება, მაგალითად შარდმდენების.
შეცდომა 9: უმეტესობა ფიქრობს – ჰიპერტონია და შაქრიანი დიაბეტი – არაფერია საშიში
ხშირა ეს დაავადებები ერთმანეთს ერწყმის, რადგანაც ორივეს დროს ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა. რა თქმა უნდა, მთელი ძალებით უნდა ეცადოთ ორივეს კომპენსირებას. ამ დროს საჭიროა უფრო მკაცრი დიეტა, მეტი რაოდენობის წამალი. იზრდება არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი, თუმცა არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში; პირიქით, მკაცრად უნდა მიყვეთ მკურნალობის სქემას (მათ შორის არამედიკამენტოზურს). წნევასთან გამკლავების დროს და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღებისას არ უნდა დაგავიწყდეთ ჰიპოგლიკემიური საშუალებები და პირიქით.
ჰიპერტონია – ორგანიზმში ბალანსის დარღვევაა, თუმცა დღეისათვის გამოგონებულია კარგი წამლები პრაქტიკულად ყველა სიტუაციისთვის. თანამედროვე პრეპარატების საშუალებით შესაძლებელია განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გააკონტროლოთ არტერიული წნევა. ასეთ შემთხვევაში გული, თირკმლები და სისხლძარღვები იმუშავებს კარგად, რაც თავის მხრივ ნიშნავს სიცოცლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის გახანგრძლივებას.