იცით ტრიამ-დენკს რა უკუჩვენებები აქვს?

ტრიამ-დენკის უკუჩვენებებია: ტრიამ-დენკი 40 ინექცია არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: – თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ტრიამცინოლონის აცეტონიდის, ბენზილის სპირტის ან ტრიამ-დენკი 40 ინექციაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ; – დღენაკლულებში და ახალშობილებში. არ შეიძლება ტრიამ-დენკი 40 ინექციის შეყვანა თვალის მინის სხეულში (მინის სხეულის გავლით). არ შეიძლება ხანგრძლივი მკურნალობის დანიშვნა შემდეგ შემთხვევებში: კუჭ-ნაწლავის წყლული, მძიმე ოსტეოპოროზი, თუ ანამნეზში აღინიშნება ფსიქიატრიული დაავადება, მწვავე ვირუსული დაავადება, მაგალითად სირსველი (herpes zoster), ჰერპესული ბუშტუკები ((herpes simplex), ჩუტყვავილა (varicella), ამებიაზი, HBsAg-დადებითი ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი, ვაქცინაციამდე დაახლოებით 8 კვირით ადრე და 2 კვირის შემდეგ, ტუბერკულოზური ან ათაშანგული კანის პროცესები, შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექციები (სისტემური მიკოზი) და პარაზიტოზი, პოლიომიელიტი, ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენიტი) ბცჟ ვაქცინაციის შემდეგ, კანის ანთება პირის ირგვლივ (პერიორალური დერმატიტი), როზაცეა, აბსცესი და ჩირქოვანი ინფექციები, გულყრები, მიასთენია, გლაუკომა (ვიწრო და ღია კუთხოვანი გლაუკომა). ინტრა-არტიკულური ინექციის გაკეთება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში: ინფექცია იმ სახსარში ან მის გარშემო, რომელსაც მკურნალობენ, ბაქტერიული ართრიტი, იმ სახსრის არასტაბილურობა, რომელსაც მკურნალობენ, სისხლდენისკენ მიდრეკილება (სპონტანური ან ანტიკოაგულანტების შედეგად), პერიარტიკულარული კალციფიკაცია, არავასკულარიზებული ოსტეონეკროზი, მყესის გაგლეჯა, შარკოს სახსარი.  ბავშვები: არ შეიძლება ტრიამ-დენკი 40 ინექციის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ინტრამუსკულარულად შეყვანა 16 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში.  რადგან ტრიამ-დენკი 40 ინექცია არის კრისტალური სუსპენზია, არ შეიძლება მისი შეყვანა ინტრავენურად.  განსაკუთრებული სიფრთხილე ტრიამ-დენკი 40 ინექციის დროს: შენიშვნა: სუსპენზია უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი კონსისტენციის მისაღებად.  ასევე სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული შემთხვევითი ინტრავასკულარული ინექცია. ეს განსაკუთრებით ეხება სახეს (ტუჩების ზემოთ) და სკალპს, ისევე როგორც დუნდულა კუნთში ინექციას. თავისი სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე, გლუკოკორტიკოიდების ინტრა-არტიკულური შეყვანა ზრდის სახსრის ინფექციის რისკს.  გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივმა და განმეორებითმა გამოყენებამ იმ სახსრებზე, რომლებიც განიცდიან ზეწოლას, შესაძლებელია გააუარესოს სახსრის დეგენერაციული ცვლილებები. ერთი შესაძლო მიზეზია დაზიანებული სახსრის გადატვირთვა მას შემდეგ, რაც მოხდება ტკივილის და სხვა სიმპტომების გაქრობა.  მიმდინარე ინფექციის შემთხვევაში ტრიამ-დენკი 40 ინექცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ სპეციფიკურ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ტუბერკულოზი (სიფრთხილით: რეაქცივაცია!), მაშინ იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ტუბერკულოსტატურ პრეპარატებთან ერთად.  დიაბეტიან პაციენტებში ტრიამ-დენკი 40 ინექციის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ინსულინის ან სხვა ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატებისადმი მოთხოვნილების გაზრდა. ტრიამ-დენკი 40 ინექციის დროს საჭიროა სისხლის არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი ისეთ პაციენტებში, რომლებიც ძნელად ექვემდებარებიან ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას.  გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, რადგან არსებობს მისი მიმდინარეობის გაუარესების რისკი.  რადგან არსებობს ნაწლავის კედლის გასკდომის (ნაწლავის პერფორაციის) რისკი, ტრიამ-დენკი 40 ინექცია ინიშნება მხოლოდ პირდაპირი ჩვენების შემთხვევაში და განსაკუთრებული სიფრთხილით იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის მძიმე ანთება (წყლულოვანი კოლიტი) და აქვს პერფორაციის რისკი, ასევე დივერტიკულიტის და ნაწლავის ანასტომოზის (უშუალოდ პოსტოპერაციული) დროს.  სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნება კუნთების დაავადებები, მიდრეკილება თრომბოზის ან ემბოლიის მიმართ, მეტასტაზური კარცინომა და თირკმლის მწვავე ან ქრონიკული ინფექცია (ნეფრიტი).  მძიმე ინფექციის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად.  რადგან ტრიამ-დენკი 40 ინექცია წარმოადგენს ძლიერ მოქმედ პრეპარატს, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, თუ მას აქვს ან უახლოეს წარსულში აღენიშნებოდა რაიმე ტუბერკულოზური დაავადება ან სხვა ქრონიკული ინფექცია (მაგ. ყბის, შუბლის სინუსების ანთება, ნაღვლის ბუშტის ანთება ან სხვა), თუ პაციენტს უახლოეს პერიოდში ჩაუტარდა ვაქცინაცია, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის ან ნაწლავის წყლული (თვით შორეულ წარსულში) ან თუ აღენიშნება დიაბეტი (იხ. ნაწილი 4. “სავარაუდო გვერდითი ეფექტები”). კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ მკურნალობის დროს პაციენტს აღენიშნება ცხელება ან ჩივილები კუჭის მხრივ, ნევროლოგიური დარღვევები ან დაავადების ნებისმიერი სხვა ნიშნები.  თუ პაციენტმა უნდა შეცვალოს მკურნალი ექიმი, მან უნდა აცნობოს ახალ ექიმს, რომ დაავადებას მკურნალობდა აღნიშნული პრეპარატით. ტრიამ-დენკი 40 ინექციით ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა ჩატარდეს რეგულარული სამედიცინო შემოწმებები (მათ შორის თვალის შემოწმება უნდა მოხდეს 3 თვიანი ინტერვალებით). შედარებით მაღალი დოზების გამოყენებისას საჭიროა შესაბამისი რაოდენობის კალიუმის მიღება და ნატრიუმის შეზღუდვა და ასევე შრატის კალიუმის დონის გადამოწმება. ასევე გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.  სპეციფიკური ვირუსული დაავადებები ჩუტყვავილა, წითელა შესაძლებელია მიმდინარეობდეს განსაკუთრებით მძიმედ გლუკოკორტიკოიდებით ნამკურნალებ პაციენტებში. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან იმუნოსუპრესიული ბავშვები და პირები (ანუ დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები), რომელთაც ანამნეზში არ აღენიშნება ჩუტყვავილა ან წითელა. თუ ასეთ პირებს კონტაქტი ექნებათ ჩუტყვავილით ან წითელათი დაავადებულ ადამიანებთან ტრიამ-დენკი 40 ინექციით მკურნალობის დროს, ასეთ შემთხვევაში უნდა დაიწყოს პრევენციული მკურნალობა.  ეფექტები ლაბორატორიულ მეთოდებზე: კანის რეაქციები ალერგიული ტესტების მიმართ შესაძლებელია შესუსტდეს.   ბავშვები: ტრიამ-დენკი 40 ინექცია არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და არ ინიშნება ინტრამუსკულარულად 16 წელზე უმცროს მოზარდებში. ხანდაზმულები: ხანდაზმულ პაციენტებში ტრიამ-დენკი 40 ინექცია გამოიყენება მხოლოდ რისკის და სარგებლის შეფასების შემდეგ (იზრდება ოსტეოპოროზის რისკი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები